გენერალური შტაბის უფროსის მოხსენება ეროვნული თავდაცვის უმაღლეს კურსზე

გენერალური შტაბის უფროსის მოხსენება ეროვნული თავდაცვის უმაღლეს კურსზე კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის მეორე დღე თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტებსა და საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე მსჯელობას დაეთმო. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მოხსენება სახელმწიფო უწყებაში შეიარაღებული ძალების როლსა და მიმდინარე რეფორმებზე საუბრით დაიწყო. მან ეროვნულ უსაფრთხოებაში სამხედრო კომპონენტის მნიშვნელობასა და საერთაშორისო მისიებში საქართველოს კონტრიბუციაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმების ამოცანა არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების თავიდან აცილება და გამკლავებაა. გენერალმა ჰიბრიდულ საფრთხეებსა და ქვეყნის თავდაცვის მეთოდებზეც ისაუბრა. ასევე აღნიშნა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით დაწყებული საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) მნიშვნელობა. გენერალ-მაიორმა სემინარზე რეზერვის საპილოტე პროგრამისა და სკოლებში დაწყებული ახალი პროექტის - „ჩვენი ჯარი“ მნიშვნელობაზე ისაუბრა. გენერალური შტაბის უფროსის მოხსენება შეიარაღებული ძალების ინსტიტუციურ განვითარებაზე საუბრით დასრულდა. პანელზე თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტებთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის პოლიტიკის და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა შალვა ძებისაშვილმა პრეზენტაცია წარმოადგინა. მან თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები, ეროვნული თავდაცვისა და პოლიტიკის პრიორიტეტები, უსაფრთხოების გარემო, ტოტალური თავდაცვა, საბრძოლო შესაძლებლობების განვითარება, სხვა უწყებებთან თანამშრომლობის აუცილებლობა კრიზისისა და საომარი ვითარების დროს და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაცია მიმოიხილა.

სემინარს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელ თანამდებობაზე მომუშავე პირები, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის მიზანი რეგიონულ და საერთაშორისო კონტექსტში საქართველოს უსაფრთხოების სისტემის მიმოხილვაა. კურსი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის (DIB) სკოლის ორგანიზებითა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) მხარდაჭერით ტარდება