სემინარი ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) ადამიანური რესურსების მართვის თემაზე სემინარი დაიწყო. ტრენინგი თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შესმრულებელმა, დავით გუნაშვილმა გახსნა. მან ადამიანური რესურსების სწორი მართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს წარმატებები უსურვა. სემინარში თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები მონაწილეობენ. სემინარის მიზანს თავდაცვის სფეროში ადამიანური რესურსების მართვის კუთხით, ცნობიერების ამაღლება, საჭირო უნარ-ჩვევების გაღრმავება და პრაქტიკულ საქმიანობაში მათი ეფექტიანი განხორციელება წარმოადგენს. ოთხი დღის განმავლობაში, აშშ-ის უმაღლესი საზღვაო სკოლის ლექტორი, უილიამ ჰათჩი მსმენელებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს, ამერიკულ მოდელს გააცნობს და ყურადღებას იმ საკითხებზე გაამახვილებს, რაც ადამიანური რესურსების სისტემის მართვის პროცესში მნიშვნელოვანია. სემინარი თეორიული და პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულებასა და დისკუსიების გამართვასაც ითვალისწინებს. სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის განვითარება ნატო-საქართველოს ერთობლივი არსებითი პაკეტის ფარგლებში აღებული ვალდებულებაა. სკოლის ამოცანაა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური გაძლიერება, თავდაცვის სამინისტროსა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებისთვის პროფესიული განვითარების პროგრამების ორგანიზება.