DIBS-ში სტრატეგიული კომუნიკაციების საერთაშორისო კურსი დაიწყო

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS) სტრატეგიული კომუნიკაციების საერთაშორისო კურსს მასპინძლობს. სემინარი DIBS-ის ორგანიზებითა და ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების დახელოვნების ცენტრის (NATO StratCom Coe) მხარდაჭერით იმართება. პროექტი 2017 წლიდან ხორციელდება, თუმცა წელს კურსს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლების გარდა მსმენელები სკანდინავიის, ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებიდანაც ესწრებიან. სტრატეგიული კომუნიკაციების კურსი დღეს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორმა, თეა ნიკოლაშვილმა და ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების დახელოვნების ცენტრის წარმომადგენელმა, ელინა ლანგე-იონათამიშვილმა გახსნეს, მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მონაწილეებს წარმატებები უსურვეს. ტრენინგის მიზანს საინფორმაციო გარემოს ანალიზის, საინფორმაციო აქტივობების შემუშავებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების მიდგომების გამოყენების შესწავლა წარმოადგენს. კურსზე ტრენერები ქართველი ექსპერტები არიან, მის მიმდინარეობას კი, NATO StratCom Coe-ის წარმომადგენელი აკვირდება. სტრატეგიული კომუნიკაციები ჰიბრიდული საფრთხეების პრევენციისა და სამინისტროს ეფექტიანი პოზიციონერების თვალსაზრისით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთი-ერთი პრიორიტეტია. მსგავსი კურსები საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში დასაქმებული სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტების მომზადებასა და ნატოს სტანდარტებთან დაახლოებას უწყობს ხელს.