სტაბილიზაციისა და რეკონსტრუქციის საორიენტაციო კურსი“ გაიხსნა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) „სტაბილიზაციისა და რეკონსტრუქციის საორიენტაციო კურსი“ დაიწყო, რომელშიც თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ. კურსი 2017 წელს DIBS-ისა და იტალიის არმიის პოსტკონფლიქტური ოპერაციების მართვის სასწავლო ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით ჩამოყალიბდა და მესამე წელია, რაც ტარდება.

ტრენინგი სკოლის დირექტორმა, თეა ნიკოლაშვილმა და საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩის მოადგილემ, სტეფანო კრეშენციმ გახსნეს, მონაწილეებს წარმატებები უსურვეს და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. თეა ნიკოლაშვილმა იტალიურ მხარეს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის განვითარების პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. კურსს ქართველი ტრენერები უძღვებიან, იტალიელი ექსპერტები კი მიმდინარეობის პროცესს აკვირდებიან.

ტრენინგის მიზანს პოსტკონფლიქტური სიტუაციების მრავალფეროვანი და რთული გარემოს შესახებ მსმენელების ინფორმირება, სტაბილურობისა და რეკონსტრუქციის ოპერაციებში მონაწილე მხარეებზე გავლენის მქონე ფაქტორების მიმოხილვა და გაანალიზება წარმოადგენს.

ხუთი დღის განმავლობაში მონაწილეები კონფლიქტების მოგვარების საერთაშორისო მექანიზმებსა და უსაფრთხოების სექტორში რეფორმირების სპეციფიკას გაეცნობიან. კურსის ფარგლებში საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, სტაბილურობის ოპერაციებში საქართველოს თავდაცვის ძალების გამოცდილებასა და სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის როლზეც იმსჯელებენ.