საქართველო კიბერუსაფრთხოების თემაზე სამუშაო შეხვედრას მასპინძლობს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს, ლიეტუვას რესპუბლიკისა და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ორგანიზებით, კიბერუსაფრთხოების თემაზე სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრას თემაზე „კიბერუსაფრთხოება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ ორი დღის განმავლობაში DIB სკოლა მასპინძლობს. შეხვედრა კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა, ლევან გიორგობიანმა, ლიეტუვას რესპუბლიკის ელჩმა, გიედრიუს პუოჯუნასმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა, მონიკა ცსაკიმ გახსნეს და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ღონისძიება აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლის იუბილესთან დაკავშირებით იმართება და მიზნად ისახავს, კიბერსაფრთხეებთან ბრძოლას, კიბერსივრცის დაცულობის გაძლიერებასა და კიბერუსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლებას.

შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვას, უკრაინის, ლიეტუვასა და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის თავდაცვისა და კიბერუსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლები იღებენ, რომლებიც ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ და კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებულ თანამედროვე გამოწვევებზე იმსჯელებენ.

მსგავსი სამუშაო შეხვედრა საქართველოში პირველად ტარდება. საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას გადაწყვეტილებით, 2019 წელი თავდაცვის ძალებში კიბერუსაფრთხოების წლად არის გამოცხადებული.