ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი დაიწყო

ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი დაიწყო ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი ხვალ კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ ოფიციალურად გაიხსნება. დღეს კურსის მონაწილეებს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) უმასპინძლეს, რომლებსაც სკოლის დირექტორმა, თეა ნიკოლაშვილმა, ესტონეთის რესპუბლიკის ელჩმა, კაი კარელსონმა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, როზარია პუგლისმა სიტყვით მიმართეს. მათ მონაწილეებს წარმატებები უსურვეს და კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. თეა ნიკოლაშვილმა ნატოს მხარეს სკოლის განვითარების პროცესში, ასევე ესტონურ მხარეს კურსის ჩამოყალიბებაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის მიზანია, საქართველოს უსაფრთხოების სისტემის მიმოხილვა რეგიონულ და საერთაშორისო კონტექსტში, ქვეყნის თითოეული მოქალაქის როლისა და პასუხისმგებლობის ანალიზი ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის ფორმირების პროცესში. DIB სკოლაში მისალემბის შემდეგ ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის მონაწილეები ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) სტუმრობდნენ. JTEC-ის შტაბის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი ლეკვეიშვილმა კურსის მონაწილეებს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის დაარსების ისტორია, მისია, სამომავლო გეგმებისა და განხორციელებული საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა, სადაც ყურადღება JTEC-ის განვითარებაში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერაზე გაამახვილა. ტრენინგის მონაწილეებმა JTEC-ის ინფრასტრუქტურაც დაათვალიერეს და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ. ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი 5 დღე გაგრძელდება. კურსის ფარგლებში მონაწილეები უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროებში მომუშავე უმაღლესი თანამდებობების პირების, საკანონმდებლო ორგანოსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების პრეზენტაციებს მოისმენენ. მსმენელები ჯგუფებად დაიყოფიან და სიმულაციური კრიზისის სცენარზე იმუშავებენ. კურსის განმავლობაში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია თემაზე: „ეროვნული თავდაცვა გლობალური უსაფრთხოების სისტემაში“ ისაუბრებს, რის შემდეგაც დისკუსია გაიმართება. ეროვნული თავდაცვის უმაღლეს კურსში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაიაც, რომელიც თემაზე: „ეროვნული უსაფრთხოების სამხედრო კომპონენტი“ ისაუბრებს. ,,ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ადაპტირებული კურსების შესაბამისად ჩამოყალიბდა და 2012 წლიდან ესტონეთის თავდაცვის სამინისტროსა და ნატო-ს პროფესიული განვითარების პროგრამის მხარდაჭერით საქართველოში ყოველწლიურად იმართება.