თავდაცვის მინისტრის ლექცია ეროვნული თავდაცვის კურსის მსმენელებისთვის

კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის ფარგლებში, დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრს უმასპინძლეს. ლევან იზორია კურსის მონაწილეებს გლობალური უსაფრთხოების სისტემაში ეროვნული თავდაცვის როლზე ესაუბრა. თავდაცვის მინისტრმა ყურადღება რეგიონულ და გლობალურ კონეტქსტში არსებულ თანამედროვე გამოწვევებზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობაზე, რუსეთის ფაქტორსა და შეკავების პოლიტიკაზე გაამახვილა.

მინისტრმა სხვადასხვა უწყების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის წარმომადგენლებს, ასევე პედაგოგებსა და სტუდენტებს ის ხედვები და ამოცანები გააცნო, რომელთა განხორციელება ყოველდღიური საფრთხეების ფონზე, საქართველოს თავდაცვის სფეროში პრიორიტეტს წარმოადგენს. ლევან იზორიას განცხადებით, ჩვენი ქვეყნის ეროვნული თავდაცვის სტრატეგია აბსოლუტურ თანხვედრაშია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სისტემასთან, თანხვედრაშია საქართველოს სტრატეგიულ არჩევანთან.

ლევან იზორიამ კურსის მონაწილეებს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის კუთხით არსებული მზარდი დინამიკის, თანამშრომლობის პრაქტიკული მექანიზმების, ტოტალური თავდაცვის კონცეფციის, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრაგრამის, ტერიტორიული თავდაცვის პრინციპისა და უწყებათაშორის თანამშრომლობის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა.

ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი ხვალ დასრულდება.
კურსის განმავლობაში მონაწილეები ეცნობიან ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემას, მიმდინარე რეფორმებს, ამყარებენ კავშირებს, იაზრებენ საკუთარ როლს ქვეყნის უსაფრთხოების გარემოში.
კურსზე განიხილება როგორც საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეები, ასევე ის ნაბიჯები, რომელსაც სახელმწიფო დგამს აღნიშნული საფრთხეების შესამცირებლად.