ტრენინგი „საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემა”, (International Security Studies)

სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა და ნიდერლანდების სამეფოს კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ორგანიზებით, პირველი ერთობლივი ონლაინ ინტერაქციური ტიპის ტრენინგი „საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემა”, (International Security Studies) მიმდინარეობს.

ტრენინგის მიზანია მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება საერთაშორისო უსაფრთხოების ტენდენციების შესახებ, საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის კომპონენტების მიმოხილვა და უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე ტენდენციების ანალიზი.

ტრენინგის დროს განხილული იქნება: თანამედროვე უსაფრთხოების ტენდენციები და გამოწვევები; რეგიონული უსაფრთხოება (შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება); რეგიონული უსაფრთხოება და ჰიბრიდული ტაქტიკა (თურქეთის მაგალითი); შესავალი საერთაშორისო ჰიბრიდულ საფრთხეებში; ჰიბრიდული საფრთხეები საქართველოში; კიბერ დიპლომატია; კიბერუსაფრთხოება და საქართველო; ენერგოუსაფრთხოება (რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების რისკები), საერთაშორისო ეკონომიკური რისკები და საქართველო; რობოტიკა და ავტომატიზირებული სისტემები უსაფრთხოების კონტექსტში.

აღსანიშნავია, რომ ტრენინგში მონაწილეობა მიიღო გენერალ-ლეიტენანტმა ტონ ვან ლუნმა, რომელიც 2006-2007 წლებში, ხელმძღვანელობდა ნატოს ეგიდით ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე მისიას "საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების (ISAF) სამხრეთის რეგიონულ სარდლობას. გენერალმა განიხილა საერთაშორისო უსაფრთხოების მიმდინარე ტენდენციები და ნატოს როლი თანამედროვე უსაფრთხოების სისტემაში.

ტრენინგი განკუთვნილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, მისდამი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებისთვის. ლექციებს გაუძღვებიან როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ექსპერტები.

ტრენინგი 11 მაისს დაიწყო და ხუთი დღე გაგრძელდება.