თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა 4 წლისაა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა 4 წლისაა

სკოლა 2016 წლის 28 ივნისს ჩამოყალიბდა და დღესდღეობით ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტია.

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის მისიაა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობა, მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებაში თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთიანი აღქმის ჩამოყალიბების მხარდაჭერა, საქართველოს უსაფრთხოების სექტორს, რეგიონს, ნატო-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა.

4 წლის განმავლობაში სკოლამ ნატო-ს აქტიური მხარდაჭერით, განვითარების სტრატეგიით განსაზღვრული მიზნები და ამოცანები სრულად შეასრულა. ორგანიზება გაუწია ადგილობრივ და საერთაშორისო კურსებს, როგორც ქართველი, ასევე ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებისთვის.

დაარსების დღიდან სკოლამ ჩაატარა 205 ღონისძიება, რომლშიც ჩაერთო 5045 მონაწილე. სკოლის აქტივობები მონაწილეთა და პარტნიორთა მხრიდან უმაღლეს დონეზე შეფასდა.

სკოლის სასწავლო პროცესში ეფექტიანად არის ინტეგრირებული დისტანციური სწავლების კომპონენტი. სკოლა, პარტნიორების მხარდაჭერით, ყოველწლიურად ატარებს დისტანციური სწავლების ეროვნულ კონფერენციას. აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირობებში, სკოლამ მაღალი ხარისხით უზრუნველყო ინტერაქტიული ტიპის ონლაინ კურსების, მასტერკლასების, ლექციებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზება. 2020 წლის განმავლობაში დისტანციური სწავლების აქტივობებში 451 მონაწილე ჩაერთო, როგორც თავდაცვის სამინისტროდან, ასევე უსაფრთხოების სექტორიდან და სამოქალაქო საზოგადოებიდან.

სკოლისთვის პრიორიტეტული მნიშვნელობა ენიჭება ადგილობრივი სასწავლო შესაძლებლობების განვითარებას, რისთვისაც აქტიურად ხორციელდება ტრენერთა მუდმივი გადამზადება. დაარსების დღიდან სკოლის ბაზაზე საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით გადამზადდა 88 ტრენერი.

სკოლა წარმატებით აგრძელებს თანამშროლობას როგორც უსაფრთხოების სექტორის, ასევე სხვა სამთავრობო უწყებებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან თავდაცვის და უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებზე.

საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება (მათ შორის, ფართო შავი ზღვის რეგიონის ფარგლებში) სკოლის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა. სკოლა აქტიურად თანამშრომლობს ნატო-ს, წევრი და პარტნიორი ქვეყნების სასწავლო და კვლევით დაწესებულებებთან. სკოლის საქმიანობას სხვადასხვა ფორმით მხარს უჭერს 20 მდე ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყანა, თანამშრომლობის გაფართოვების დინამიკა მზარდია.

საქმიანობა ნატო-ს მხრიდან ყოველთვის დადებითად ფასდება. სკოლის წარმატება ყოველწლიურად ხვდება ნატო-ს გენერალური მდივნის მოხსენებაში. 2020 წელს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე გადაწყდა სკოლის რეგიონული ფუნქციის კიდევ უფრო გაძლიერება, გადაწყვეტილება სკოლის მიერ წარმატებით განხორციელებულ რეფორმებს დაეფუძნა. აღნიშნული მასშტაბით დაგეგმილია სკოლამ განახორციელოს სასწავლო პლატფორმების შემდგომი განვითარება, ჩაატაროს თემატური ღონისძიებები, მათ შორის, მხარი დაუჭიროს კიბერუსაფრთხოების სასწავლო შესაძლებლობების განვითარებას.

სკოლამ განავითარა ნატო-ს სწავლების ხარისხის სტანდარტებთან თავსებადი სასწავლო ციკლი და საქართველოში პირველად, სკოლის მიერ ნატო-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დახელოვნების ცენტრთან ერთად განვითარებული „სტრატეგიული კომუნიკაციების საბაზისო კურსს“ ნატო-მ მიანიჭა სერტიფიცირება - სტატუსით „NATO Selected” რაც იმის დადასტურებაა, რომ სკოლა, როგორც ქართველ, ასევე საერთაშორისო მონაწილეებს ნატო-ს სასწავლო სტანდარტების მიხედვით ამზადებს.

ნატო-ს მიერ კურსის სერტიფიცირებით, სკოლა განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. სკოლა მზადაა გააკეთოს ნატო-ს ინსტიტუციური აკრედიტაციის მიღებისთვის ოფიციალური განაცხადი, რისი წარმატებით დასრულების შემთხვევაშიც, ნატო აღიარებს სკოლის სწავლებისა და ორგანიზაციის მართვის მის სტანდარტებთან სრულად თავსებადობას.