თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა დასაქმების ფორუმზე

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა, თავდაცვის სამინისტროსა და მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან ერთად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე დასაქმების ფორუმში დილიდან ჩაერთო. მათ სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და კურსდამთავრებულებს თავდაცვის საკადრო პოლიტიკა გააცნეს და ღია კონკურსების, მიმდინარე და სამომავლო ვაკანსიების, ასევე სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ფორუმი ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს მათთვის სასურველი კომპანიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებს პირადად შეხვდნენ და გაესაუბრონ, საკუთარი თავი წარუდგინონ, პოტენციური დამსაქმებლის მიმდინარე თუ სამომავლო საკადრო საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღონ. წელს გამართულ დასაქმების ფორუმზე თავდაცვის სამინისტროსა და მასზე დაქვემდებარებულ სტრუქტურებთან ერთად 70-ზე მეტი კერძო და საჯარო სექტორის დამსაქმებელი იყო წარმოდგენილი.