ნატო-ს თავდაცვის ინსტიტუტებისა და შესაძლებლობების განვითარების დირექტორატის დირექტორის - მარკ დი პაოლოს ვიზიტი თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში

ამა წლის 13 ოქტომბერს, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ უმასპინძლა ნატო-ს თავდაცვის ინსტიტუტებისა და შესაძლებლობების განვითარების დირექტორატის დირექტორს, მარკ დი პაოლოს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, როგორც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ლიდერები, ასევე ნატოს საერთაშორისო ოფისის წარმომადგენლები ოპერაციების დარგში; სკოლაში მოვლენილი მრჩევლები და ამავე სკოლის წარმომადგენლები.

შეხვედრა სიტყვით გახსნა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ, რომელმაც მოკლედ მიმოიხილა, როგორც თავდაცვის ინსტიტუციური განვითარების სკოლის ისტორია და საქმიანობა, ასევე აღნიშნა სკოლის მიღწევები.

მარკ დი პაოლომ მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა ნატოსთვის თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ მას არ ახსენდება ნატოს მიერ პარტნიორ ქვეყნებთან განხორციელებული სხვა პროექტი, რომელიც სკოლის პროექტზე წარმატებული აღმოჩნდა. მან მხარდაჭერა აღუთქვა სკოლას თავისი ამბიციური გეგმების შესრულების პროცესში, მათ შორის, ნატო - ევროკავშირის პლატფორმად ქცევისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით შესაძლებლობების განვითარების საქმეში. განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა DIBS-ის როლზე უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში.