თავდაცვის ინსტიტუციურ აღმშენებლობის სკოლას ნატოს აკრედიტაციის ექსპერტთა გუნდი ეწვია

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში ნატოს აკრედიტაციის გუნდის ექსპერტთა ვიზიტი დასრულდა. აღნიშნული ვიზიტის მიზანია შეაფასოს სკოლის, როგორც ნატო-ს ინსტიტუციური აკრედიტაციის მაძიებლის სტატუსის მქონე ინსტიტუტის ხარისხის მართვის სისტემა. ვიზიტი იძლევა უნიკალურ და რეალისტურ შანს, ნატომ აღიაროს  სკოლის სწავლებისა და ორგანიზაციული მართვის სისტემის სრული შესაბამისობა ნატოს სტანდარტებთან.

შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბატონმა გრიგოლ გიორგაძემ გახსნა, რომელმაც ისაუბრა სკოლის, როგორც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინიციატივის, როლსა და მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე ნატოს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრებმა ყურადღება გაამახვილეს სკოლის საერთაშორისო მიღწევებზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2020 წელს სკოლის სტრატეგიული კომუნიკაციების საბაზისო კურსის ნატოს მიერ შერჩეული (NATO Selected) სტატუსით მოპოვებით,  საქართველო გახდა პირველი ქვეყანა ალიანსის პარტნიორ ქვეყნებს შორის, რომელმაც ნატოს მიერ სერტიფიცირებული სტრატეგიული კომუნიკაციების კურსი განავითარა.

ნატოს ექსპერტების ვიზიტით, საქართველოს მიენიჭა შესაძლებლობა, DIB სკოლის სახით ქვეყანაში ფუნქციონირებდეს პირველი სასწავლო დაწესებულება ნატო-ს ხარისხის მართვის ნიშნით.