სტაბილიზაციისა და რეკონსტრუქციის საორიენტაციო კურსი

ამა წლის 29 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით, სსიპ - თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასა და იტალიის არმიის პოსტ-კონფლიქტური ოპერაციების სწავლების ცენტრს შორის არსებული თანამშრომლობის ფორმატში გაიმართება „სტაბილიზაციისა და რეკონსტრუქციის საორიენტაციო კურსი".

კურსი სიტყვით გახსნა სკოლის დირექტორმა, თეა ნიკოლაშვილმა. მან იტალიურ მხარეს თანამშრომლობისთვისა და „სტაბილიზაციისა და რეკონსტრუქციის საორიენტაციო კურსი"-ს განვითარების პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

კურსი განკუთვნილია თავდაცვის ძალების, თავდაცვის სამინისტროს, მის დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და ფართო უსაფრთხოების სექტორის საშუალო რგოლის იმ წარმომადგენლებისათვის, რომლებიც საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად შესაძლოა ჩართულ იქნან სტაბილიზაციისა და რეკონსტრუქციის პროცესში.  

კურსის მიზანია მონაწილეთა ინფორმირება პოსტკონფლიქტური სიტუაციის მრავალფეროვანი და რთული გარემოს შესახებ. სტაბილურობისა და რეკონსტრუქციის ოპერაციებში მონაწილე აქტორებისა და ამ ოპერაციებზე ზეგავლენის მქონე ფაქტორების მიმოხილვა. სტაბილურობისა და რეკონსტრუქციის ოპერაციებში მრავალმხრივი თანამშრომლობისა და უწყებათშორისი კოორდინაციის აუცილებლობის გაცნობიერება.

ხუთი დღის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან კონფლიქტების მოგვარების საერთაშორისო მექანიზმებსა და უსაფრთხოების სექტორში რეფორმირების სპეციფიკას. ასევე იმსჯლებენ საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, სტაბილურობის ოპერაციებში საქართველოს თავდაცვის ძალების გამოცდილებასა და სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის როლზეც იმსჯელებენ.

კურსს გაუძღვებიან ქართველი და იტალიელი ექსპერტები.