დასრულდა საერთაშორისო კურსი „სამხრეთ კავკასია ფართო შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში“

მიმდინარე წლის 13 დეკემბერს, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში, წარმატებით დასრულდა საერთაშორისო კურსი „სამხრეთ კავკასია ფართო შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში“.

კურსის ფარგლებში განიხილეს სამხრეთ კავკასიისა და ფართო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის: რეგიონში არსებული ძალთა ბალანსი, კონფლიქტები, შიდა და გარე აქტორების როლი და მნიშვნელობა გეოპოლიტიკურ კონტექსტში, ნატოსა და ევროკავშირის სტრატეგიული მიზნები, ჰიბრიდული საფრთხეები, ენერგო და ეკონომიკური უსაფრთხოება, რეგიონის ქვეყნების იდენტობის, კულტურისა და რელიგიასთან დაკავშირებული საკითხები.

კურსს უძღვებოდნენ დარგის წამყვანი ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

კურსში მონაწილეობდნენ საქართველოს, საფრანგეთის, პოლონეთის, უკრაინის, თურქეთისა და ბულგარეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენელები.

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ აღნიშნული კურსი უკვე მეორედ შესთავაზა საერთაშორისო აუდიტორიას. გასული წლებისგან განსხვავებით 2021 წელს აღნიშნულ კურსში ჩაერთო არაერთი მოწვეული უცხოელი სპიკერი, მათ შორის სპიკერები გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტიდან (RUSI), კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტიდან.

კურსის განვითარებაში სკოლას განსაკუთრებული მხარდაჭერა აღმოუჩინეს საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩომ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ამერიკელმა მრჩეველმა დოქტორმა ბობ ჰამილტონმა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლებმა.

საერთაშორისო კურსი განხორციელდა  Chatham House-ის წესების დაცვით.