უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო პროგრამა გრძელდება

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის (DIB) სკოლაში უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო პროგრამა მეორე მოდულით გრძელდება. მოდულის თემა „ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურის სამართლებრივი საფუძვლებია“ და მას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვეფხვია გრიგალაშვილი გაუძღვა. უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებმა ეროვნული უსაფრთხოების კონსტიტუციურ საფუძველზე, რეგულირების საკანონმდებლო ჩარჩოსა და მისი პოლიტიკური დაგეგმვის სამართლებრივ ასპექტებზე იმსჯელეს. მსმენელებმა სამართლებრივი აქტები მიმოიხილეს და საკანონმდებლო ცვლილებებს გაეცნენ. სემინარზე საუბარი კანონებში არსობრივ წინააღმდეგობას, ასევე პრობლემების იდენტიფიცირების საკითხებს შეეხო. უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსი პირველი გრძელვადიანი სასწავლო პროგრამაა, რომელსაც DIB უსაფრთხოების სექტორის აუდიტორიას სთავაზობს. კურსი ორი თვე გრძელდება და სალექციო კვირეულებს, ტრენინგ-მოდულებს, პრაქტიკულ მოდულებსა და დისტანციური სწავლების მოდულებს მოიცავს.