ეფექტური კომუნიკაციის კურსი

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო პროგრამის მესამე მოდული დაიწყო. მოდულს გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის წარმომადგენელი ნინო ჯაფარიძე უძღვება. დღეს კურსი - „ეფექტური კომუნიკაცია“ - კომუნიკაციის სახეობებსა და მართვის სისტემაში კომუნიკაციის მნიშვნელობაზე საუბრით გაიხსნა. სამდღიანი ტრენინგის განმავლობაში მსმენელები კომუნიკაციის არსის, თავისებურებების, ვერბალური და არავერბალური, ფორმალური და არაფორმალური კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციას მიიღებენ. კურსის მონაწილეები კონფლიქტურ სიტუაციაში მოქმედებისა და მოლაპარაკების წარმოების დროს, ასევე, არავერბალური სიგნალების ამოცნობისა და სათანადო რეაგირების ხერხებს დაეუფლებიან. ტრენინგზე საუბარი ნეიროლინგვისტურ პროგრამირებას, კომუნიკაციის პროცესში მის როლსა და დარწმუნებისა და ზემოქმედების მოხდენის ტექნიკასაც შეეხება. უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსი პირველი გრძელვადიანი სასწავლო პროგრამაა, რომელსაც DIB უსაფრთხოების სექტორის აუდიტორიას სთავაზობს. კურსი ორი თვე გრძელდება და სალექციო კვირეულის გარდა, ტრენინგ-მოდულებს, პრაქტიკულ მოდულებსა და დისტანციური სწავლების მოდულებს მოიცავს. მონაწილეებმა კურსის ფარგლებში სამი მოდული უკვე გაიარეს.