გენდერი უსაფრთხოების სექტორში

"გენდერი უსაფრთხოების სექტორში" სემინარი თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მაკა პეტრიაშვილმა გახსნა. მან მონაწილეებს გენდერის ძირითადი ცნებები და ტერმინები გააცნო, თავდაცვის უწყებასა და ზოგადად, უსაფრთხოების სექტორში გენდერული თანასწორობის მნიშვნელობასა და გენდერულ პერსპექტივებზე ისაუბრა. მაკა პეტრიაშვილმა კურსის მონაწილეებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გენდერული თანასწორობის მისაღწევად განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში გენდერის საკითხებში ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. პირველი გრძელვადიანი სასწავლო პროგრამა, უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსი, რომელსაც DIB უსაფრთხოების სექტორის აუდიტორიას სთავაზობს, კიდევ რამდენიმე მოდულით გაგრძელდება. მსმენელებს ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებასთან, ეფექტურ კომუნიკაციასთან, კიბერუსაფრთხოებასთან, კეთილსინდისიერების ამაღლებასა და კორუფციის რისკების შემცირებასთან დაკავშირებით, ლექციები და ტრენინგები უკვე ჩაუტარდათ.