მოლაპარაკებებისა და მედიაციის სპეციალიზირებული კურსი

DIB სკოლაში მოლაპარაკებებისა და მედიაციის სპეციალიზირებული კურსი დაიწყო

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIB) „მოლაპარაკებებისა და მედიაციის სპეციალიზირებული კურსი - ევროპის ახალი სასწავლო ინიციატივა სამოქალაქო კრიზისების მართვის კონტექსტში“ მსმენელების საერთაშორისო ჯგუფს პირველად მასპინძლობს. კურსში მონაწილე ბრიტანელი, გერმანელი, ჰოლანდიელი, რუმინელი, პოლონელი, სერბი, უკრაინელი სამოქალაქო და სამხედრო პირები, ასევე, ექსპერტები სხვადასხვა საერთაშორისო მისიაში, მათ შორის, საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში მუშაობენ.

კურსის მიზანს მოლაპარაკებისა და მედიაციის პროცესში საჭირო უნარების განვითარება და ცოდნის ამაღლება წარმოადგენს. ტრენინგი კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტისა და ბულგარეთის დიპლომატიური ინსტიტუტის ორგანიზებით ტარდება და მას კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის წარმომადგენლები უძღვებიან.

ოთხდღიანი ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ევროკავშირის კრიზისების მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესსა და მედიაციის საშუალებებს გაეცნონ. ისინი ძირითადი პრინციპების იდენტიფიცირებას შეძლებენ, რომელსაც წარმატებული მედიატორი უნდა ფლობდეს. ტრენინგზე მიღებული გამოცდილება მსმენელებს საშუალებას მისცემს სამოქალაქო კრიზისების მართვისას, სათანადო ხერხებისა და ტაქტიკის გამოყენებით, მოლაპარაკებები უფრო ეფექტურად და თავდაჯერებულად აწარმოონ.