კრიზისების მართვისა და კრიზისულ სიტუაციებში კომუნიკაციის კურსი დასრულდა

კრიზისების მართვისა და კრიზისულ სიტუაციებში კომუნიკაციის კურსი დასრულდა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის (DIB) სკოლაში „კრიზისების მართვისა და კრიზისულ სიტუაციებში კომუნიკაცია საქართველოს კონტექსტში“ ტრენინგი დღეს ოფიციალურად დასრულდა. კურსი საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა საქართველოში იოანეს დუმამ დახურეს. ლელა ჩიქოვანმა ჰოლანდიელ დიპლომატს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სიგელი გადასცა. უწყებათშორისი ფორმატის მნიშვნელობის ხაზგასასმელად ღონისძიებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე შალვა ხუციშვილი დაესწრო.

ტრენინგის მიზანი საქართველოს კრიზისების მართვის სისტემის უწყებათშორისი თავსებადობისა და თანამშრომლობის გაზრდა, ასევე კრიზისული სიტუაციების დროს კომუნიკაციის გაუმჯობესება იყო. სემინარი კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტსა და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას შორის 4-წლიანი თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა და მას კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის წარმომადგენლები უძღვებოდნენ.

ორდღიანი ტრენინგის დროს მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ კრიზისების მართვის ციკლის სხვადასხვა საფეხურებს, საქართველოს კრიზისების მენეჯმენტის სისტემასა და კრიზისული სიტუაციების დროს კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებას გაცნობოდნენ.