სტრატეგიული კომუნიკაციების კურსი DIB სკოლაში

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში დასაქმებული სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტების მომზადებისა და ნატოს სტანდარტებთან დაახლოების მიზნით, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS) სტრატეგიული კომუნიკაციების 5-დღიან კურსს მასპინძლობს.

 სემინარი თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა და ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის სკოლის (NATO StratCom COE) ერთობლივ პროექტს წარმოადგენს, რომელიც 2017 წლიდან ხორციელდება და მასში მთავრობისა და სახელმწიფოს სხვადასხვა სამსახურის შესაბამისი სპეციალისტები მონაწილეობენ. ტრენინგი კურსის დირექტორმა, DIB სკოლის წარმომადგენელმა ნათია გვენეტაძემ და ნატოს წარმომადგენელმა მარის ტუტინსმა გახსნეს. კურსზე მომხსენებლები ქართველი ტრენერები არიან, რომლებსაც მენტორობას ნატოს სტრატკომის სკოლის წარმომადგენლები უწევდნენ.

 ხუთდღიანი ტრენინგის ფარგლებში, მსმენელები სამხედრო-პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობაზე, ასევე მისი გამართული მუშაობისათვის აუცილებელ წინაპირობებზე პრაქტიკულ ცოდნას მიიღებენ.

 სტრატეგიული კომუნიკაციები ჰიბრიდული საფრთხეების პრევენციისა და სამინისტროს ეფექტიანი პოზიციონირების თვალსაზრისით თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.