ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი ოფიციალურად დაიწყო

ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ ოფიციალურად გაიხსნა. კურსის მონაწილეებს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის (DIB) სკოლის დირექტორი თეა ნიკოლაშვილი მიესალმა და კურსის მნიშვნელობაზე ესაუბრა. პირველი დღე საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კიბერსაფრთხეების შესახებ დისკუსიას დაეთმო.

კიბერსაფრთხეების გამოწვევებზე ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს კიბერპოლიტიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ტანელ სეპპმა ისაუბრა. მან ყურადღება სამართლებრივ ბაზაზე, საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და ინოვაციური მეთოდების გამოყენებაზე გაამახვილა. ასევე, განსაკუთრებით აღინიშნა კრიზისის დროს ელექტრონული მართვის სისტემის შენარჩუნების აუცილებლობა. ტანელ სეპპმა განაცხადა, რომ გამოცდილების გაზიარებითა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობით კიბერსივრცე უფრო დაცული ხდება.

საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემებზე, ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და თანამედროვე ტენდენციების შესახებ მოხსენებები წაიკითხეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა დავით აფრასიძემ, ეკონომიკის საკითხებში ექსპერტმა კონსტანტინე სულამანიძემ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული რეფორმებისა და პროექტების დეპარტამენტის უფროსმა ზაზა ჩიხრაძემ. კურსის მსმენელებმა სიმულაციური კრიზისის სცენარზეც იმუშავეს.

სემინარს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელ თანამდებობებზე მომუშავე პირები, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის მიზანი რეგიონულ და საერთაშორისო კონტექსტში საქართველოს უსაფრთხოების სისტემის მიმოხილვაა. კურსი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის (DIB) სკოლის ორგანიზებითა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) მხარდაჭერით ტარდება.